ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

1122. «თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით». ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1123. ,, მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: «დახოცენით!». დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1124. ,,რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!.”

1125. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1126. მოიტირეს, ყმამან უთხრა: ,,ნუღარ გასწყვედ, გაასრულე.” ფატმან იტყვის: ,,მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1127. ,,ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?». მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა, ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1128. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1129. ,,მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა».

1130. ,,ვთქვი, «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა; მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?».

1131. ,,ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1132. ,,მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით; მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით; არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1133. ,,ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ-ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1134. ,,შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1135. ,,ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: «ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?». მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1136. ,,არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, მძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1137. ,,სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე– ნაჭედისა.

1138. ,,მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: «თუ ვუთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი». ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამოვიდი.

1139. ,,ვთქვი: «თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1140. «მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა».

1141. ,,მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე». ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე!