... (H-2052), XIX ს.

60. შევე ფიცხლავ საჯინიბოს: ავხსენ ცხენი უკეთესი შევუკაზმე ზედა შევსვი: მხიარული არმოკვნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს: მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული: ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

61. […]ღე მიიყარა ხმა გახდა: მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი: შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ: მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე: და მათთა სისხლთა მზღვევარი

62. მონახეს ვერა შეიგნეს: შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ხელმწიფე: და ყოვლნი მისნი ხლებულნი დაჰხედენ დარბაზის ერთა: შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორვა მას აქათ: ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

63. მის მთვარისა სადაობა: კვლა გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა: რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი: იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა: და დიაცსა ბოზი ნაცი

64. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა: მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი: დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი: არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი: შემახვრიტა ერთი თასი

65. ესე ამბავი მასთანა: ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიხსენ მე რულად

66. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავ[......] ოდეს მეხმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა: შენცა მოხვე შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა

67. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე: ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი: გულითა სწადდა არ ენით

68. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი: გული ედვა ცეცხლებრ სწვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღმერთო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა

69. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს : მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით: იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა: ჰაი ქვე ჩავიჭერ რასა

70. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა: მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკვდართა ფერია

71. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს კვლა იტყვის ფატმან ტირილით: კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

72. წავიდა ვითა ისარი: კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო: ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე: მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი: მისისა სასურველისა

73. ციხისა კარნი დახშულნი: შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი: თმაგრძელი ტანნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა: სამოსი რამე ზიანი შეცვალა ვარდი ზაფრანად: ლაჟვარდის ფერად იანი

74. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ: ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა: თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს: არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ: ვარდო ადრე ნუ დასჭნები

75. პირმზე გაჰკვირდა ფატმანის: ამბითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს: სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან: მისცა თავისა ხელითა იკითხავს სულთქვამს უსტარსა: ალტობს ცრემლითა ცხელითა

76. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედა მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი

77. ფატმანის გული მას აქათ: ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია: ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი: მისთვის კვლა მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ: ტირილი არ დაჰლევია

78. აწ ვინმე მოყმე მოვიდა: შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი: თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი: მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს: სწრაფა სწრაფითა ხშირითა

79. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულმდუღარი