ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

915. “ვარდი ამას ვით იაზრებს,მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო! ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო! გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, და ნუ-თუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”

916. სული დაიღეს, დაჰსდუმდესს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხვისა, რომელ კვლავ მიწყივ ჰგებოდა; და ორნივე დაჰჰსხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

917. მწვადი შეიწვეს, შეიჰქმნა პურობა მზგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს, ჭამეო, -ძალი არ ჰქონდა ჭამისა – და დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

918. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს, მან გაუგონოს, რაცა ჰსთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტათ ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. და დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

919. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლავ დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; და ერთმანეთსა გაუგონეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

920. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა: რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად,– არ ნაქმარია მთვრალისა– არ დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

921. “აწ შემიწყალე, ნუ დამწვავ კვლავ წვითა უცხელესითა,– მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა,– ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა, და წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სითა!

922. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, და აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

923. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა, შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა, ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლავ განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

924. “ღმერთსამცა ესე რად ეჰქმნა, ეგეთნი დაებადენით, არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გჰქმნა ცრემლთა დადენით; სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით, და თქვენ ერთმან ერთი არ მიხვდეთ, მე სულნი ამომხადენით.

925. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია, ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია; და რაცა მიწვრთიხარ, იწვართე, გკადრო, უწვრთელი ვირია.

926. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმაა სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, და ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”

927. “მან მიბრძანა: “მადრიერ-ვარ, კარგად ხარ და მამაცურად. შენგან მისა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალ-ვარ და არ მახმურად, და აწ შევიქცე, რა უამბო, რად, მოველო ჯაბან-ხრდლურად?”

928. “მაგ საუბარსა ესე ჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:– მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;– ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი? და შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, - ძმა ძმისა უნდა ძმობილი.

929. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, და ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

930. “ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მზგეფსა, აქავ ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, და ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა.

931. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, და მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს, ჭმუნვა გაადიდე.

932. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუ–თუ შენ იყო მჭმუნავი? მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, და არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

933. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამიმეტდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს: თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა ჰსწადდეს და ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

934. “არ დაიჯერო, მაშინ ჰსცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გისთქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა, და უშენოდ მომხვდეს, რაღა ვჰქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”