ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1052. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; “თვით თავადია ჩვენი”, ჰსთქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა; და თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.

1053. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია, მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; და მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1054. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, და მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, ჰსძღვნიდიან.

XXIX. ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა, ზღვის-პირს რომ გავიდა.

1055. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა, და მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო შენ რითა!

1056. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; და იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1057. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: და “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1058. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; და რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1059. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; და მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრულისვითა და დავლითა.

1060. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები. და ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.

1061. “დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრეფენ; და უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1062. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა, ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა,– და პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1063. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა ჰსძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესა სეფედ დასხმენ, ფასა მუნვე დაუთვლიან; და მათ მაშინვე ააზატებს, ვითა ჰსწადდეს, დაჰყიდიან.

1064. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; და გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1065. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; და წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1066. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, და ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1067. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. და მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1068. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა, სათი, და მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხვსა ტოტი, ლომსა თათი.

1069. ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: “უჭვრიტოთო ამა სრულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; და მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

XXX. მისვლა ავთანდილისა ფატმანისას, ფატმანის მიერ მიგებება და სიხარული.