ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1032. ჰკიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, და ანუ დავჴოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღესა!

1033. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი, ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, და ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1034. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგჴოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შეველბა, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი, და მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

1035. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხვებრ მკრჩხალითა, მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდაჴელითა ცალითა: ნავისა თავსა გულითა წადგა შიშთ-შეუვალითა, და ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჴოცნა ხმალითა.

1036. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, და კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1037. ძელი მოსტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ჰსძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხდა მტერთა მიდამო მლეწელი; და არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი.

1038. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰჴოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა. ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა. და დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1039. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა გულსა მისსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვჴოცო, შენსა სჯულსა!” არ დაჴოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. და მართლად იტყვის მოციქული :“შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1040. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, და ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი.

1041. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ჰნახა მხიარული, გაეხარნეს, არ იახნა, და ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1042. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ სთქვეს, ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, სთქვეს: “უფალო, მადლი შენდა! და მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1043. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა,– მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა: და “შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1044. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსაშემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისცა ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ჰქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, და ჰხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1045. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ, მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავჴოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვსთქვენი; და ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1046. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს; ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს; მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სჰწბებოდეს; და ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1047. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; და დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1048. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა: რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, და რასაცა მოგვცემ, გვიბოძე; გვიქნია აქა ყრილობა”.

1049. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნ! მე რა ვარ, მე, გლახ რა მომილხენია! და რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია!

1050. “მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რად მინდა, ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; და სხვაგან რამე მიძს სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1051. “აწე რაცა აქ ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდათ, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი; და საქმე რამე მიძს თქვენშიგა თავისა დასამალავი.