ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

547. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, – მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე – წავდეგ, მიბრძანა: “რასა ჰსდგი, დღე მიგიჩნს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუვე და კვლავცა მოიმცდომარე?”

548. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლავ გარე შემოვბრუნდი. უკუვყივლე: “აწ გამოჰჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

549. “ასსა ვუბრძანე მონასა: საომრად დაემზადენით; შევსხედით, გავლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ, სასიძო ვითა წვა, ზარმც-ა თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.

550. “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიხვდათ საარაკე, ცხენსა შევჯე, წამოცავე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

551. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოველ, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი; ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

552. “კაცი გავგზავნე, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა;” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

553. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე. რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

554. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

555. “მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა! მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ჰხამს მქმნელი სამართალისა; მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

556. “იცი, ინდოთა სამეფო რაზომი სრა–საჯდომია! ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე; ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამარლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომია!

557. “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა-შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!

558. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.

XIV. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან - დარეჯანის დაკარგვისა.

559. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე, მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

560. “გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ გაგლეჯილი ასმათი, პირ-სისხლი-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

561. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა, შორით ვუხმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოჰგრაგნა!»

562. “ახლოს მივე, კვლავცა ვჰკითხე: “რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლავ საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი, დიდ-ხანს სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

563. “მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე, მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე»

564. “მიამბო: “ოდეს სასიძო, მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭირა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიძახა მიხმეო, ხმა-მაღლა გახმამყივარდა, მოგჰნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

565. “ჰკადრეს, – აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან; მეფე ჰბრძანებს, – ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან _ მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.