ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

XVIII. ამბავი ავთანდილის არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა.

663. იგი მუნით წარმოსული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა; სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლნი გაამოკლა; მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

664. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახე, იცნეს, რაგვარადცა ჰმართებს, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს– “მოვიდაო, აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!”

665. გაეგება, მოეხვია, ზედა დაჰხვდა პირი ხელსა, აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა, ესე სთქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა, მე ვით ღირს ვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

666. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა; უბრძანა, თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა! დიდებულთა თაყვანი-სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდა უფროსსა, თუ უნდა მცირსა.

667. მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული; მაშინვე დასჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, – ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.

668. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული”

669. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!” მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა, ცისკრად შესჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.

670. არცაღა დასჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა; შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა, ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.

671. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით, ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

672. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი! შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ჰბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

673. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

674. მეფე შესჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა, ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა; მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

675. რა მიეახლა, გარდაჰხდა ყმა, თაყვანი-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

676. მას ავთანდილ თაყვანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა, სახლ-სამყოფი არა ჰმართებთ, ცამცა გაიდარბაზესა.

677. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

678. სმა გარდაჰხდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაიჰსვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა რა ეჰნახა, რა ესმინა.

679. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მზგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უჰნახავ-ჰქმნის გონება ყოველთა კაცთა მჰნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!”

680. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, – ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

681. “ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.