ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

406. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

407. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა”.

408. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

409. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

410. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

411. “შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, “ბედი ჩემი უბედური, – ვთქვი, თუ, – ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა

412. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

413. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

414. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

415. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

416. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

417. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

418. “თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

419. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა! ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

420. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!

421. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

422. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს-ა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

423. “ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.