ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

469. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა, ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდის შენამტერსა?”

470. შევკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, თქვენცა უყავით წყალობა მას ღონე გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: “იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, მაგრა ნუ გჰნახავთ კვლავცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”.

471. ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლავ ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია, მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაჰგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

472. ხატაველმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა, თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაატანა.

473. მოვიდა კაცი მეფისა, – ცისკრობს, არ დანაღამია – ებრძანა: “შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

474. შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა; მეფე ქვე სჯდა შეკაზმული, შვენებითა მზგავსი მზისა; გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

475. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

476. აწ მისთქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული; რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე-სახელ-დებული, ვინცაღა ჰნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

477. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა; ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გჰზისა შორისა, აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.

478. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერ-მიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, მათრლად არს, არ კატაბანი.

479. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა; მეფე გარდაჰხდა, დარბაზსა შეველდით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

480. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

481. ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

482. ახლოს დამიჰსვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მისჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა ჰკვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

483. შეიქმნა სმა და პურობა, მზგავსი მათისა ძალისა, – სხვა გახარება ასეთი არს უჰნახავი თვალისა – ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროჰზისა და ლალისა, არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

484. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა: არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, – რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

485. დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ჰხარიან, მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან; ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

486. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,- ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

487. კვლავცა დასჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

488. ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.