ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

391. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, – ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!

392. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

393. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა; მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა; ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა; წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

394. ბაღჩა შევლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

395. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

396. დიდ-ხან ვსდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

397. ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!

398. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.“

399. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

400. შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

401. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად.

402. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა! ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!”.

403. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

404. ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

405. „ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

406. „შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერდცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

407. „მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა – ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

408. „ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მეჰნახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

409. „შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა; ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.