605. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე; ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
606. “აწ იგი იქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა; ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!”
607. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და, ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”
608. “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.
609. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.
610. “კვლავ მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.
611. მოსჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ჰხმდა, მისთა მჭვრეტთათვის, – ღონემცა ეაჯა რისა. – აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
612. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა! ფიცხლად ზედა შეველჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა, ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ “ვა!”
613. “კვლავ სხვასა მიველ, მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა! – ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.
614. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლავ შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.
615. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოჰყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.
616. “მათნი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით, გაცავფანტენით, ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით, ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით; მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
617. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი სთქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”
618. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ჰზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერდ მათნი სისხლნი მიდიან!”
619. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.
620. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.
621. “მე ვკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა; ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა, აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
622. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა! ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-აქვს მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.