ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

410. „შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად; მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად. – ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

411. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა; დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, – მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

412. „მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

413. „თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მისთქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

414. „ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

415. “წა, შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა; კვლავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე, გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

416. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

417. “ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა; “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

418. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

419. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა, ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

420. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატავეთს, ვერვინ მიძრახავს მხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

421. „დავაგდე მზღვარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატავეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენი ინდონთა თხანია”.

422. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

423. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია, თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

424. “გვერდსა დავისხენ ვეზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით; არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

425. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გვეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა; არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლავ და კვლავცითა”.

426. მეკეთა ესე თათბირი, ვეზირთა ნავეზირები, შევთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები, სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები, ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

427. მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი, თანა წამომყვეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყველანი; დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”

428. სამ-დღე ვიარე, მემთხვივა, სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ ჰსცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

429. კვლავცა ესთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.