ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

566. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე, მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

567. “გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ გაგლეჯილი ასმათი, პირ-სისხლი-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

568. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა, შორით ვუხმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?» მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოჰგრაგნა!»

569. “ახლოს მივე, კვლავცა ვჰკითხე: “რაშიგან ვართ? თქვი მართალი!» კვლავ საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი, დიდ-ხანს სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

570. “მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე, მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე»

571. “მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭირა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიძახა: “მიხმეთო», ხმა-მაღლა გახმამყივარდა, მოგჰნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

572. “ჰკადრეს, – აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან; მეფე ჰბრძანებს, – ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან; მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

573. “აწ თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ეს ა.

574. “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ჰფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

575. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან, – “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან, მან ეგრე სთქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან.

576. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს, შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს; დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს, – “ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

577. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!

578. “ხელი მიჰყო, წამოჰზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

579. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოჰსდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩაჰსვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

580. “ზღვათაკენ განვლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა; დავარ სთქვა, – “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

581. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთა-დგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

582. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

583. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა, აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

584. “შეველ, ფიცხლად შეველკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის-პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მჰნახა ცმული.

585. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უჰნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.