... (A-855), XIX ს.

392. მე უთხარ დაო შენგან, ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ, შენ ზედაზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭვ, მე შენგან არდანამალსა

393. შევჯე წამოვე მდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ტყვე ქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ, მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა

394. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს, ლაღნი და უკადრონია არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი

395. მოეწერა რამაზ მეფე, ტარიელსა წიგნს გიწერსა გამიკვირდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ, კვლავღა წიგნსა შენ მიერსა

396. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი, მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი, მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია

397. ფიცხლავ მოვიდეს არ ექნა, მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხვარაზმულობა

398. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა, ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა

399. შინა მიველ დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური, ვჰთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

400. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართვა, მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა

401. ვითა მმართებდა ეგზომი, რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წავე ბაღისა, მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო

402. შემოვლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქმონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა

403. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭვრეტად

404. უბრძანა თუ მოაჴსენე, ასმათ დასჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით, დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა

405. მიბრძანა ძოღან გეწყინა, გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა გაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ჰჴამს ჩემგან სირცხვილი, და რიდი ამირბარისა

406. თუმცა მართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა, არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთვალვა

407. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

408. წა შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაღირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქმნა კვლაცა ნახვა, მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე

409. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია, ღმერთსა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგა, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა

410. ზედან წიგნსა საფიცარსა, შეჰვფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება, ვისიცაო გულსა მიცა ღმერთი მომკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა