... (A-855), XIX ს.

316. ასმათ შენცა ხარ მოწამე, ჩემისა ფერმიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი, მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა, სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

317. მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი

318. ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა ფარსადან დაჯდა ხარებად, ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი, ნიჭითა მრავალგვარითა საჭურჭლე გასცეს აივსნეს, ლაშქარნი საბოძვარითა

319. საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა მართ მაშინვე ჰგუანდა იგი, მზისა შუქთა ნასამალსა უყვარდით და სწორად უჩნდით, მეფესა და დედოფალსა აწ ვახსენებ ვისგან ჩემი, დაუდაგავს გული ალსა

320. ყმა დაბნდა რა სახელისა, ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა თქვა ისმენდი მაგრა ჩემი, სიკვდილისა დღე დასტურა

321. მას ქალსა ნესტანდარეჯან, იყო სახელად ხმობილი შვიდისა წლისა შეიქმნა, ქალი წყნარი და ცნობილი მთვარისა მსგავსი მზისაგან, შვენებით არშეფრობილი მისსა ვით გასძლებს გაყრასა, გული ალმასი წდობილი

322. იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა, მეფობისა ქნისა მწთომსა მამასავე ხელთა მიმცეს, რა შევიქენ ამა ზომსა ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა

323. მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა ქვად ფაზარი სხდა დათლილი, იაგუნდისა ლალისა პირსა ბაღჩა და საბანლად, სარაჯი ვარდისწყალისა იგი მუნ იყვის მედების, ვისგან სახმილი ალისა

324. დღე და ღამე მუჯამრითა, ეკმევოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას, ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი მას სიბრძნისა სასწავლელად, თვით მეფემან მისცა შვილი

325. სრა ედგა მოფარდაგული, ოქსინოთა და შარდითა ვერვინ ვხედევდით შეიქმნა, პირითა მინავარდითა ასმათ და ორნი მონანი, ჰყვიან იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა

326. თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა სროლასა და ასპარეზსა, აქებდიან ჩემგან ქნილსა

327. მოსრნის მჴეცნი და ნადირნი, ისარმან ჩემგან სრეულმან მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან შევიდი შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან აწ საწუთროსა გამყარა, პირმან ბროლ ბალახშეულმან

328. მამა მომიკვდა მოვიდა, დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს, ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი, დალევდის მისგან შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა

329. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯედ, საწუთრო გაცუდებული დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულდაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული

330. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ, დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა აჰხდა შავისა ბოძება მისეულისა,სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამირბარობა, ქნა მისვე საურავისა

331. ავენთი დამწვეს მამისა, სახმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყვანეს, ხასთა მათ წინამდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი, შექმნეს ჰინდოეთს მფლობელთა შორს მომეგებნეს მაკოცეს, პატივით ვითა მშობელთა

332. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივ მცემდეს ძისა დარად მის ხელისა საურავი, მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა, წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი, თაყვანის მცეს ამირბარად

333. აღარა ვიცი დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკვესთა წინწალი, დამეცეს ხანგრძლად მწველია

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა

334. კვლა დაიწყო თქმა ამბისა, მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე, მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ, ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მჴსენებელი, მე სულდგმული არ გვიკვირა