ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

373. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, და აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

374. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, და მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

375. “მართლა გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე! და მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

376. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა,– გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა და მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალოდა”.

VII. წიგნი ტარიელისა პირველი საყვარელთან პირველად მიწერილი.

377. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია, და სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია.”

378. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები, ესე ჰკადრე: “რადგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები და რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

379. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვჰქმნათო, ესე ჰსჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს და დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

380. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, და ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

381. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, და “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

382. “ქალი აღჰსდგა, წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს, ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველლ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს და მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.

VIII. წიგნი ტარიელისა ხატაველთათანა მინაწერი.

383. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი, მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, და ვინცა ურჩ ეჰქმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

384. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით, ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. და სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

385. “კაცი გავგზავნე, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები და აწ ხელ-მჰქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

386. “პირველ გაჭრისა პირობა, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი, და ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!

387. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; და კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

388. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა; მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა და წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

389. “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი. მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, და მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.“

390. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, და მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.