ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

488. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა, შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

489. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, და რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

490. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, და ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

491. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ სტირს, ჭირი ეათასების სთქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, და პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

492. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჰსჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს ჰსდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, და კვლავ წყალსა ასჰხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

493. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოჰსჭვრიტნა, ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ჰხვრიტნა მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა და სთქვა: “ცოცხალ-ვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ჰხვრიტნა”.

494. ზე წამოსჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად, დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, და დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

495. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა. ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, და მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა.

496. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, და იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა.

XIII. წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მინაწერი პასუხად.

497. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი, და სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

498. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, და რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე.

499. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მსთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, და სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შეველპოვე!”

500. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა, მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, და ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

501. „დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ჰქმნა მწუხრმან ჟამითა. ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან ჰსხდეს ხასითა ოდენ სამითა, და რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

502. “გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია, ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, და ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.

503. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, და არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხმალი ჩვენთვის არ ვამახოთ?”

504. “ვსთქვი: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, და სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

505. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” მეფემან ჰბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, და თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია”.

506. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, და ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო კრთებოდა.