ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

354. “გამოვედი, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა; შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; და ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა.

355. “ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოსდგა, მოლარე გაიყვანა მან, და ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან.

356. “მონააო ასმათისი” - “რა იცისო” ვარქვი, კითხე." შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე! და მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.

357. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა: მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, და დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

358. “დღენი გამოხდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მივე, მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, და მაშინ დავიწყე გარდაჰხდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

359. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა,– სისხლი დამწამეს მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა, და გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

360. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ სთქვას რა მინა: “მონაო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა და გულსა შინა დავუზრახე,რა მჰპოვაო, ანუ ვინა.

361. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა და მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

362. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ, ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ: აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, და თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

363. “კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ ებრძანა: “ჰქმნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, და წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

364. “დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა.” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. და მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

365. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი: და აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

366. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად, ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად, ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; და შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

367. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო, “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი და ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

368. “ავსდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - ვუთხარ,“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად” გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად, და გული მივეც თმობა ჰქმნათა აუგისა საკრძალველად.

369. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის მცა, მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა.” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ეჰქმნა ვისმცა? და ვთქვი: “არ იცის აშიკობა თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.”

370. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა და ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

371. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია, ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, და ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

VI. წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარლისადმი მიწერილი პირველი.

372. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა, და აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.