ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

296. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა, მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა; სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, და რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

297. ,, მოვსულ ვარ, შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი; რა გნახე, შენგან საჴმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი; ეგე მეც ვიცი, მეცა ვარ მაგა ლახუართა მგებნელი, და ბოლოდ იცოდი, სიკუდილი ჩემგან გაყრისა მძებნელი.“

298. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა, იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, და შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა.”

299. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების, მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების; მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, და შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების.

300. “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად, ღმერთმან ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ჰსცდილხარ მამაცურად; მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად, და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად.”

301. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული. ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული, რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული: და კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

302. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჰხამსო თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს; ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს; და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს.”

303. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

304. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დასჯდა, მხარნი ამოყარნა, ვითა მზე სსჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა: ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა: და მერმე სულთქმნა, დაიძახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოჰყარნა.

305. მოჰსთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო! ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო, და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!

V. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო პირველი.

306. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-ჰქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, და ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

307. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, და ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

308. “მამა ჩემი სჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი და ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

309. “ხალვა მოჰსძულდა, შეეჰქმნა გულს კაეშანთა ჯარები. ჰსთქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები და ჰბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შეველწყნარები.“

310. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა, აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა; და სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა”.

311. “ფარსადან შეჰქმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან, შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან; და აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

312. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა, თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა; მეფე რა დასსჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა, და სხვათ პატრონია, მართ ოდენ, არა აქვს კეისარობა.

313. “თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა ჰსთქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისცა ჰყავსა; ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

314. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა, ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა.“ და მეფემ ჰბრძანა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.”