ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

98. კვალი სძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა ჰსტიროდეს, სწრაფა აქვთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

99. ბძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუძს განკურნება, – მასვე მადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება”.

100. ესე ჰსთქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; ზოგთა სთქვეს თუ: “მართალია”, ზოგი “ღმერთო!” უზრახვიდა.

101. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჰსჩანს არ დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

102. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა; ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა; მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ჰზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

103. “ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უჰზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უჰნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა”. თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა, მიკითხოს, ჰკადრე, იყო-თქო აქა ერთისა წამითა”.

104. ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

105. უბრძანა თუ: “წადი, უხმე, უმისობა ვით გავძლეო! მოახსენე, რად დაბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.

106. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა; უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა; მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა. უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

107. ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გჰნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს, კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

108. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია, ვეჭვ, რა ჰსცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულ-თქმა და ახია.

109. “უცხსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე; მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

110. “მე რა მნახა, ცხენსა შესჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა; შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერდცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

111. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს, ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

112. ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა, რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

113. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი, ხმელთა მვლელად, მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად, თვარემ ეშმა გჩვენებია, ლხინთა შენთა შეცამშლელად; სევდისაგან მოიცალე, რად შექნილხარ მოულხენად!...

114. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი სამზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი, გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

115. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა; უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! მოჰნახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

116. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მოჰნახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლავ და კვლავდია, ვერ ჰნახეს მისი მჰნახავი ღმრთისაგან დანაბადია; ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

117. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მჰნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შეველყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.