ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

156. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

157. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა; ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა; ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა”.

158. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა”, მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

159. “პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, – ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, – მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად, ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

160. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა; ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

161. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი; წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

162. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

163. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია, – მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია, გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

164. “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე, ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა-ზედ-რე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

165. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოყარა; მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

166. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, – ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რა გვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე? რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.

167. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

168. “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა! კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

169. “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი, წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

170. დაწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

171. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა, თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა; ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

172. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

173. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

174. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი; ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი; ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.