ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

194. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ? გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ, დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ”.

195. თავს უთხრა: “მოკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა; მიხვალ, დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა; გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?” იგონებს წამ-წამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

196. კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

197. “ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?

198. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლნა წყალი და ტყენია; მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია: გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

199. მობრუნვება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

200. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

201. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს; თქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.

202. ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

203. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ; ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

204. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

205. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით; გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, ვხოცეთ მხეცსა უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

206. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით; მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით; “მე უკეთ მოვკლავ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით; ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

207. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ მართ ოდენ თავითა, თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა

208. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია; მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

209. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია; ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, – მერანი რამე შავია, – თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

210. “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვთქვით თუ: “მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისაცა დენით.

211. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემმა შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენ ნებით, მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

212. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

213. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.