ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

234. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან

235. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

236. ვერ იცნა, – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; – ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.

237. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მი და მო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

238. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

239. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

240. კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა; შენ ერთხელ მეტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გეტყვი: “ვერასა”; ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”.

241. “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან; ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ; სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან”.

242. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო; გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

243. კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა; პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

244. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო? გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”

245. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი; რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? კვლა თუ მომკლა, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.

246. კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

247. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ; ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?”

248. ყმამან თქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა; ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”

249. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

250. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”. ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

251. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად; გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

252. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”