ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

დასაწყისი ვეფხისტყაოსნის გაგრძელებისა რომელი ეკუთვნის ვინმე მესხ პოეტს და რომელიც შეტანილია ვახტანგ მეფის გამოცემაში და მასზე დამყარებით შემდეგ გამოცემაში

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა

1587. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფედ ზის და ჴელმწიფე ზენია, მას თანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭურეტელთა ამაზრზენია, ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქუეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია.

1588. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღნობა ძღვენისა, მათისა შესამგზავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მგზავსისა.

1589. იაგუნდისა ჯამები იყუის, ლალისა ჭიქები, კულა უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭურეტელო, გულსა ეტყოდით: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1590. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ჴმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა; მსმელთათჳს წყარო ღუინისა, ასგან დის, მგზავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჴდა ჟამი დილისა.

1591. არა დარჩა უსაბოძურო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

1592. ხვალისად მეფე არაბთა კულა პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭურეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ჴამს, ყურსა გუეგდოს საყურლად ჩუენ თქუენი ნატერფალია.

1593. “აწ, მეფეო, არ ეგების ჩუენი სხდომა თქუენად სწორად”. საჴელმწიფო საჯდომი და სხუა დაუდგა ტახტი შორად. ქუემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. პირველ ძღუენი ტარიასთჳს მოიღიან, იდვის გორად.

1594. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იჴმობს ჴელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყველაი უხვობა-იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული თჳთ მეფობასა.

1595. თინათინს ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყუარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღუნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თჳთო სკიპტრა და პორფირი და გუირგუინები თუალისა.

1596. კულა უძღვნა ძღვენი ორთავე, მგზავსი მათისა ბედისა, ათასი თუალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კულა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კუერცხი ბატისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მგზავსი ქედისა.

1597. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასითა უნაგრითა შეკაზმული. ჰინდოთ მეფე თაყუანსა სცემს, ლაღი, ბრძენი, არ მახმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო სმული.

1598. რას ვაგრძელებდე გარდაჴდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყუნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს ძღვნიან უცხონი თუალნი ლალისა ქუისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1599. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყუის ფიფქისა მთოველად. ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად, შესთუალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქუს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1600. “უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ჴელოვნებამან. ვეჭუ, მოგცეს თქუენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კულა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1601. როსტევან ეთქუა: “მეფეო, რად ხარ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდეთ, გასჭურეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყუეს,წადით ლაშქრითა დიდითა. თქუენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, დაცასჭრიდითა."

1602. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყუები ორები. მან უთხრა: “გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალ შერთულსა მთუარესა, მზეო, ვით მოეშორები?” ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები.

1603. “არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად! ცოლი უყუარსო, გამწირა, – იყო ამისად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახავად? კაცსა მოყურისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!"

1604. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქუევასა; უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რადგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა.