ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1569. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი. იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი, რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1570. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულ-თქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების, ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1571. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით; რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1572. ტარიელ შესჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე, – “მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”. უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

1573. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1574. სამთავე ვლეს, – ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა! მოეგებიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა; მინდორსა შიგან სადილად გარდაჰხდეს უდილადოსა, ვითა ჰმართებდათ, ჰპურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

1575. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი, შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, – ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1576. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა ჰსჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დაჰსვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; “ესეაო მეფე ჩვენი!” იზახდიან, ამას ხმობდეს.

1577. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, – ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი-ღა რად დაჰბადნეს! – ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1578. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ჰხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1579. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ჰხადოდიან; “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1580. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა, ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1581. “ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე, მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე;” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე!”

1582. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1583. ტარიელ ჰსცნა, — ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1584. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1585. როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები, – “ჩემმაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები;” ავთანდილ სთქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1586. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, — წამღებელმან ვერა სთქვას თუ ცუდად ვზიდე, — ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1587. ავთანდილ შესჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა!”

1588. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.