ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1530. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1531. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1532. მეფემ ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან; დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1533. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო! თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1534. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა, მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

1535. შესხდეს, წავიდეს ყველანი, შინა თავისა მარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1536. შევიდეს, ჰნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მზგავსი გმირისა.

1537. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1538. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1539. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დაჰსვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუჰსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უჰნახავსა და ნახულსა ჰსჯობს ყოვლსა სანახავისსა, – ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1540. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე-და-გამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა”.

1541. “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე, სვიანობა, დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა, თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1542. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1543. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს, მოახსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვამდიდრეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

1544. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა უთხრა: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება. ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება”.

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1545. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ჰზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1546. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამზგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მზგავსისა.

1547. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1548. მუტრიბნი მოჰსდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა, შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა, მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მზგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჰხდა ჟამი დილისა.