ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1490. მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უსჯდა შუა მთვარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა, სად ყოფილ იყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1491. ტარიელ ჰბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1492. მივიდეს, შიგან გარდაჰხდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა; ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1493. მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი; არ იტყვიან — არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

1494. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები. კვლავ ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები; აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1495. ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა, – “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წაჰხდების – აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1496. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1497. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გჰზისად, ავთანდილი გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

1498. მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1499. ტარიელ კაცი გაჰგზავნა წინაშე როსტან მეფესა; შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.

1500. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა, მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1501. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდეთ, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1502. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1503. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მიდამო, ქმნა სწადდა მათკე რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1504. მეფე შესჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი, სთქვეს: “ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია, შენთვის მზანი!”

1505. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა, ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.

1506. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.

1507. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1508. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ჰქრის, ვითა ქარი არ ავი; წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1509. ფრიდონ წაჰყვა; განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა; ცნა მეფემან, – ტარიელი მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა; გარდაჰხდა და თაყვანი-სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.