ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1471. “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი, ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1472. “გებრძანა, – “შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა, – ეგე არს მზგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა; მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1473. “ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1474. “რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი, – სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი.

1475. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

1476. “მიდი, უთხარ ჩემმაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები: “მე შენისა გამზრდელისა უჰნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთი ღა მოვბრუნდები”.

1477. “ესე უთხარ: ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო”.

1478. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისა ღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლავ გულსა კვამლ-ალმულობა. ასრე ჰხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა.

1479. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად; ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლავ ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1480. “რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, – გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია, ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

1481. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1482. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ხელი მოჰკიდა ავთანდილს, ამაჰრთა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა ჰსჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1483. “დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკენ მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია ჰსჯობს კიდის კიდობა.

1484. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

1485. “ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასსჭკნებით”.

1486. რა ავთანდილ ტარიასგან ჰსცნო, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

ტარიელისა ქვაბსავე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთ ნახვა

1487. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლავდებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს, არ აზადებს.

1488. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1489. იგი მზე უსჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს, მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა მიადინებდეს, სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.