ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1553. ტარიელ შესჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე,– ,,მზე შენ გელმისო სალამან და თავი შენ მას ალამე,,. უბრძანა: ,,თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!,,

1554. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1555. სამთავე ვლეს, –ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!– მოეგებიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდაჰხდეს უდილადოსა, ვითა ჰმართებდათ, პურობდეს, ღვინოსა ჰსმევდეს, არ დოსა.

1556. ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი , შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,– ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1557. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დაჰსვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს; ,,ესეაო მეფე ჩვენი,,, იზახდიან, ამას ხმობდეს.

1558. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს; ზედა დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს,– ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი ღა რად დაჰბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1559. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ჰხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1560. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ჰხადოდიან; ,,თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი,,, მართ ამას მოიტყოდიან; ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1561. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკდომილსა: ,,რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედან დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1562. ,,ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!,, ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: ,,შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?,,

1563. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1564. ტარიელ სცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა: ,,გული, შენი, გაღანამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

1565. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა: ,,წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა-ზედა დავტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა,,.

1566. როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. ,,ჩემმაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები,,. ავთანდილ სთქვა: ,, არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები,,.

1567. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, წამღებელმან ვერა სთქვას თუ ცუდად ვზიდე, ღამე მზეებრ განანათლოს, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1568. ავთანდილ შესჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: ,,მომკლაო სოფლისა მე სამსალამა,,.

1569. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაჰყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ჰნახა არ ცუდნი ჭირენი.

1570. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ჰნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მისთანა ტახტსა დავესჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, განახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1571. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1572. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ–ქვრივნი დაამდიდრეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავის მქმნელნი დააშინეს, კრავნი კრავთა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.