ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1533. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხვობა-იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.

1534. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა; რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1535. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლავ მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მზგავსი ქედისა.

1536. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული, ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფე თაყვანსა -სცემს ლაღი, ბრძენი, არ-მახმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

1537. რას ვაგრძელებდე, გარდაჰხდეს დღენი ერთისა თვისანი. თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

1538. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად, ავთანდილ როსტანს წინაშე გაჰგზავნა დასათხოველად; შესთვალა: ,,შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქვთ ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად,,.

1539. ,,უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.– ვეჭვ, მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან,,.

1540. როსტევან ჰკადრა: ,,მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა, რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა. თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, დაცასჭრიდითა,,.

1541. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა: ,,აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?,, ავთანდილ უთხრა: ,,მაგითა შენგან არ მოვიღორები,,.

1542. ,,არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად,– ,, ცოლი უყვარსო, გამწირა,, იყო ამისად მსახავად;– მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად,– კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!,,

1543. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა, უბრძანა: ,,ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რადგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა,,. ავთანდილ ჰბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა.

1544. შეჰყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია; კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ-ჭმულია.

1545. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი, ტიროდეს;– მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

1546. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათდა საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ჰხამს, თავი იქედგოროსა.

1547. მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1548. ნესტან-დარეჯან სთქვა: ,,ნეტამც ყოლა არ შემოგცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის დნებოდი,,.

1549. თინათინ უთხრა: ,,ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რამცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღვთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!,,

1550. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლა თვალნი. იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი,– რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1551. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულ-თქმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების, ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1552. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის თუ: ,,თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით; რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით,,.