ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1514. ეტყვის: ,,მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო,,.

1515. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაჰყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა. სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა,

1516. შესხდეს, წავიდეს ყველანი, შინა თავისა მარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1517. შევიდეს, ჰნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა; მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

1518. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1519. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: ,,შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა,,.

1520. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,– ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1521. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შედაგამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: ,,შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა.,,

1522. ,,აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე-სვიანობა, დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა, თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!,,

1523. მართ მეფემან სპათა ჰბრძანა ავთანდილის თაყვანება: ,,ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება,,.

1524. ლაშქარნი და დიდებულნი მოდრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს; მოახსენეს: ,,მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვამდიდრეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.,,

1525. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება; ქალსა ეტყვის: ,,შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება. ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება,,.

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1526. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია; ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,– ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1527. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამზგავსისა, მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მსგავსისა.

1528. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი:– ,, ნუ აეხსნები, იქ ები!.,,

1529. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა; შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა; მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

1530. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი; მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი; გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი; სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი;

1531. ხვალისად მეფე არაბთა კვლავ პურობს, არ ღაფალია; ტარიელს უთხრა: ,,შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია; ჰხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია,,.

1532. ,,აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად,,. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოდ დაჰსხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.