ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1527. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქუენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გუიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ჴორცისა ჴმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1528. მივიდეს, შიგან გარდაჴდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უცს ჴორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კუეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა, ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1529. მოიარეს ქუაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი, პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათუალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი; არ იტყუიან, არა გუაქუსო, იგ ამისთჳს გულ ნაკლულნი.

1530. უბოძა ტურფა მრავალნი მათ მათი შესადარები, კულა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყუა თუ სპასალარები. აივსო კაცი ყუელაი, მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, გვანდა კაც დაუკარები.

1531. ფრიდონს უთხრა: “ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიჴდების, მაგრა თქმულა: “კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყუელაკაი, შენ წაიღე, ვითა გხუდების.”

1532. ფრიდონ მდაბლად თაყუანი სცა, ჰკადრა მადლი მეტის მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭურეტი!”

1533. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყუელასა საჭურჭლისად; აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად, ავთანდილ არს გალეული შესაყრელად, მთუარე, მზისად.

1534. მიხვდეს არაბთა სამზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დახუდა სოფლები, ციხები, ხშირ ხშირად, თანის თანები, მას შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთჳს ყუელაი ცრემლითა არს ნაბანები.

1535. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა, შესთუალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქუენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭუნელსა, მოუკრეფესა.

1536. “მაშინ თქუენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავჴოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქუენისა.

1537. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავჰყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდეთ, ჰქნათ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქუს,გუმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ მე თქუენთჳს მამიტანია”.

1538. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყუის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა.

1539. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ჴმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქნა სწადდა მათკენ რებისა. დაიწყეს მოსხმა ჯოგისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ, გულ მაგრებისა.

1540. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხუაგნით სხუანი. ყუელაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი, თქუეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთჳს მზანი!”

1541. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყუის ტარიელს სიტყუათა დანაზებავთა: “აგერა ხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების საჴმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1542. “ისია ჩემი გამზრდელი და თქუენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა საჴმილი დებულა, ჩემად არაკად სულ დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქუენ იცით, ფრიდონ თქუენდავე ხლებულა”.

1543. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭუ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1544. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭურეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არ ავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1545. ფრიდონ წაჰყუა; გაღანამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა, ცნა მეფემან, ტარიელ- ა მარტო მოვა, მოხრის ტანსა, გარდაჴდა და თაყუანი სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა. სდებს პატივსა ინდოთ მეფე, მართ მამისა შესაგვანსა.

1546. ტარიელცა თაყუანისცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკუირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.