ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

1508. “გებრძანა: – “შეყრა მწადიან საყუარელისა შენისა;– ეგე არს მგზავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა; მე მუნა ჴრმალი არ მიკუეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1509. “ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გუერცავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქუენნი მოგესრნენ, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1510. “რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინ ღა მივალ არაბეთს, მამხუდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსოს ამა ცეცხლისა დებანი. სხუა თქუენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი”.

1511. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე ნათქუამი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი! ვითა მან პოვნა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ გულნი ძმისანი!

1512. “მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყუა ჩემგან არ ნათნები: “მე შენისა გამზრდელისა უნახავი არ დავდგები. ვეჭუ, მრავალი დამეჴოცოს მონა, მისგან საყუარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, აგეთი ღა მოვბრუნდები”.

1513. “ესე უთხარ: “ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო, ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო; მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყუა გავაცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო.”

1514. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისა ღა მალობა." მას დაუმძიმდა, მოედვა გულსა ცეცხლისა ალობა. ასრე ჴამს რიდი მეფისა, და პატრონისა კრძალობა!

1515. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით ტარიას შესახვეწელად, ფერჴთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად, ეტყუის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კულა ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1516. “რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთჳს ჴელი ვით გავსძრა, ვინ ჩემთჳს ფერ ნამკრთალია, ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴრმალია!

1517. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყუარელსა შეგუამდურვებს, ვაჲ თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭურეტისათჳს მამასურვებს, შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს.”

1518. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან, ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1519. “დია მძულს მეტი მოყურისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ მძიმობა, დიდობა; თუ მოყუარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა, თუარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა.

1520. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყუარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა ჩემ შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქუს სანატრელისა.

1521. “ამას ოდენ მოვაჴსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით, რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით”.

1522. რა ავთანდილ ტარიასგან სცნა, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან რთვიდა; ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთულიდა, თანა წაჰყუა, გაღანამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

ტარიელისაგან ქუაბსავე მისვლა

1523. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს: ღმერთი კარგსა მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს, ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან გრძლად გააკულადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.

1524. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭურეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი, მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი.

1525. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს; მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს; სადაცა დახუდის ქუეყანა, მჭურეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

1526. მას გვანდეს, თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთუარეთა; იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა; შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა, სად ყოფილიყო ტარიელ, მიხუდეს მის კლდისა არეთა.