ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1470. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თუალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა, მათნი მჭურეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1471. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირთა, შკაზმული თჳთო ცხენი, თჳთო კაბა თუალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოაჴსენეს: “მადლი რა ვთქუათ, სვიანმცა დავლა თქუენი!"

1472. ტარიელ მადლსა გარდიჴდის ტურფა სიტყუითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქუენითა, მერმე აგუავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა, ვიცი, შორი შორ არ-ჩავლა ჩუენ თქუენი კარგად ვქენითა”.

1473. ზღვათა მეფე მოაჴსენებს: “ჴელმწიფეო, ლომო, ქველო, მოახლეთა სალხინოო, ვერა მჭურეტთა შორით მკლუელო, მგზავსი თქუენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭურეტელად სასურველო?!”

1474. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუჴდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მამიცემია, წაიღე, არ კიდე მამიყიდია”.

1475. ფატმან ხათუნ თაყუანისცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა: “მე,მეფეო, ნახვა თქუენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქნები? მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქუენსა ვერა მჭურეტსა!”

1476. ზღვათა მეფესა ეტყოდეს ორნივე შუქთა მფენნი, კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი: “უთქუენოდ მყოფთა არ გუინდა ნიშატნი, ნაჩანგ დაფენი, მაგრა გაგუიშვენ, ჟამია, წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.

1477. ”შენ იყავ ჩუენი მშობელი, და მამად საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გუიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქუენთჳს თავიო, რათგან ისწრაფი, რა გკადრო, წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!”

1478. მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თჳთ ზღვაცა გაადიდესა.

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა

1479. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კულა ამტკიცებდეს სიტყუათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ უვიცართა, ბაგეთა შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1480. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კულა ფრიდონის თავადთანა ნაომართა მათთა მთხრობლად: “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩუენ, დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქნებით დაუზრობლად”.

1481. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწუილობდეს, უხარის მათ გარდაჴდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქუეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ჴმა სიმღერისა ხშირისა.

1482. მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან დარეჯან მოეჭდო, რომე ვერ გაჰყრის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1483. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგუცა, წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირითა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიჴდი რითა!”

1484. ასმათ ჰკადრა: “ მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ დამზრალნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი: სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახნე მხიარულნი.” სჯობან ყოვლთა მოყუარულთა პატრონ ყმანი მოყუარულნი.

1485. დიდებულთა თაყუანისცეს, მოაჴსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგუახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩუენ გუიჩვენა პირი თქუენი, აღარა გუწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ უც განკურნება”.

1486. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყუის:”ძმათა თქუენთა თავნი ჩუენთვის დაიჴოცნეს, იგი შვება საუკუნო ცხადად ჰპოეს, არ იოცნეს, ერთსა მიხუდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს”.

1487. “თუცა მე მათი დაჴოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხუდა უკუდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქუა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთა იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

1488. მუნ ატირდეს ყუელაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, აერთხელეს; დადუმდეს და მოაჴსენეს: “რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქუენთა მჭურეტთა მღერა მართებს, რასათჳსმცა ივაგლახეს!”