ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1605. შეჰყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხან დაზმულია; კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ ჭმულია.

1606. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყუისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭურეტელთა გულნიმცა ესხნეს წრთობილნი.

1607. მთუარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათდა საჭურეტლად მჭურეტელმან, ჴამს, თავი იქედგოროსა.

1608. მათთავე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1609. ნესტანდარეჯან თქუა: “ნეტა - მც ყოლა არ შემოგმცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავბნდებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთჳს დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთჳს დნებოდი”.

1610. თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭურეტელთა ლხინებო, რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკუდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1611. კულა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქუე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყუიდნა ყოლე თუალნი; იგი იჭურეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყუანი ნაათალნი.

1612. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყუის ვაგლახსა, არ სულთქვმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქუაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1613. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყუის, თუ: “თქუენი სიახლე მიჩანს აქამდისცა ოცნებით: რადგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გასაოცებით, შენგან მოგუეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიჴოცებით”.

1614. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: “მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე”. უბრძანა: “თქუენთჳს მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

1615. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა. კაცი ოთხმოცი ათასი ჰყუა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1616. სამ თვე ვლეს, ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაებადოსა! მოეგებიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდი ლადოსა, ვითა მართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

ვინმე მესხის მელექსის მიერ დაწერილ გაგრძელების ნაწყვეტები (შუა ნაწილიდან შეტანილია ვახტანგისეულ გამოცემაში)

1617. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1618. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს! ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. “ესეაო მეფე ჩვენი”, იზახდეს ამას ჰჴმობდეს.

1619. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხნეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს; ღმერთმან სხვანი ჴორციელნი მათებრნი ღა რა დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყუელაკასა გაუცხადნეს.

1620. სმა, პურობა, გახარება ქნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ჴამს, ეგეთსა გარდიჴდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1621. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: “თქუენგან გვჭირს კარგი ყუელაი”, მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1622. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: “რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა! აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1623. “ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმე გუმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგანაო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე!”