ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

1547. გაეკუირვა მეფე მისსა თუალადობა სიტურფესა, პირსა უჭურეტს გაკუირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კულა ფრიდონცა უსალამა, თაყუანი სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათჳს მოსწრაფესა.

1548. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყუის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკუირს, თუ ეგრე სიკეთე თქუენ ჩემი რად გეგონების! რადგან ავთანდილ შენია, სხუა რად ვინ მოგეწონების?”

1549. “ნუ გიკუირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქუენს წინა ვერ მოტანისა, ვიაჯი რასამე, მე მმართებს მოთხოვა აწ ფარმანისა”.

1550. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა; ჭურეტა ახელებს მჭურეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა; დაუწყო თხრობა მეფესა სიტყუისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1551. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსაჴსენებლად, მაგრა მოსული თქუენს წინა ვარ შემოხვეწა მქენებლად; თჳთ იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ბნელთა გამათენებლად.

1552. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით: ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, დაჰვიწყდეს. რომე პატიჟნი სჭირდეს ჩუენთავე დარებით; არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხუდარებით.

1553. “თქუენთა უყუარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ ნამკრთალსა; მუხლ მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ ამათ ალსა, რომე მისცეთ ქალი თქუენი მკლავ მაგარსა, გულ ფიქალსა.

1554. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ჴელ მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა, ადგა, მუჴლნი დაუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა. გაუკუირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1555. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუ დგა, თაყუანი სცა, ქუე მიწამდის დაუვარდა, მოაჴსენა: “ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქუენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქუენი ჩამადარდა.

1556. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყუედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქუენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს: სხუა მისებრი ვერა ჰპოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს!

1557. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქუს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჭუნების, მე ყუავილი დამებერა, რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასა ც ოდენ იგი ჯერა!”

1558. “თუ შეგერთო ერთი მონა, თქუენთჳს არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა! თუ ავთანდილ არ მიყუარდა, ასრე მისთვის რად მამსურდა? დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1559. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყუა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყუანა, პირსა ზედან დაეფინა. კულა მეფემან თაყუანისცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1560. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, –ესდენ დიდი სიხარული გაეხარნეს მასცა განა – წავიდა და წამოუძღვა, მოიყუანა, მოჰყუა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1561. მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდაჴდა, რა მივიდა, ჴელთა ჰქონდა ჴელ მანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზვრიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა!?

1562. მეფე კოცნასა ჰლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერჴთა ეხვევის, შუქნი ქუე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან; რადგან მერჩიო, ნუ მერცხვი, გაე, რასაღა გრცხვენიან!”

1563. მოეხვია, გარდუკოცნა მას პირისა არე მარე : “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე, მარე; ვინ გიშერი დააჯოგა წარბ წამწამი არემარე, გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკენ არე მარე”.

1564. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭურეტს პირსა; იგი მზე და ჴელმწიფობა ასრე მიხუდა, ვითა ღირს ა, მაშინღა ლხინი ამოა, რა გარდიჴდის კაცი ჭირსა.

1565. ყმა მეფესა მოაჴსენებს: “მიკუირს, სხუასა რად რას ბრძანებ! რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რად ღა აგუიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქუენსა მოიყუანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1566. ტარიელსცა მოაჴსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს. მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხუდეს მათსა საწადელსა, იგი პოეს, რაცა ძებნეს, ჴელი ჰჴადეს ჴრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.