ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1387. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1388. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1389. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის- სცა, – იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, – აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1390. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით? მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1391. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა, ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა. მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1392. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1393. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1394. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1395. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი; სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, მას ადრე ვჰპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.

1396. “ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ, ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1397. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1398. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა; აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1399. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1400. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; თქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

1401. ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირს–პირ ომი არ ძალ–გვიც, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1402. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან; ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1403. “აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1404. “აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ჰნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

თათბირი ავთანდილისა