ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1463. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1464. “თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი სანუკვარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1465. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა ჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1466. “ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურათ იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1467. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა, რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.

1468. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1469. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1470. გადახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

1471. მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთვის – ყვითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

1472. მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1473. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ–ალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა, კვლა ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა, მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1474. კვლა უძღვნა თვითო ფარღული,გარდასაყრელი ყელისა, მრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა; კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1475. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა .ყველაი არა სიტყვითა წბილითა: აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1476. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა, აჰა, მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1477. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა: “არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1478. “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1479. “უთხრა: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1480. “აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები; ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა – საომარები, თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.

1481. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა; თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა! ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.