ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1273. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1274. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა.

1275. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1276. “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1277. ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1278. “აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანთანა

1279. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო – ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

1280. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მო ალხენიე, ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1281. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული, შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1282. “ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?

1283. “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე! შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს,მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1284. “წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები; დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების, ბროლი, სათი და ლალები; ბედად შენ მჯობხარ,უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები, შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის, არ გებრალები?”

1285. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა; “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

1286. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჰხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1287. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად – იანი.

1288. ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

1289. პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულთქვამს,იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1290. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?” მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულხარ, მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1291. “ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.