ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1405. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან; ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელსა თათბირთა, მტერთა ივაგლახ–ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო–ახლო ყივიან!?

1406. “რა გახვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება; წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.

1407. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

1408. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1409. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით, ყოველნი, მსგავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვითკირი სად, თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა

1410. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ–გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1411. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1412. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას–ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლე ნები.

1413. ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.

1414. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1415. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1416. კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1417. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1418. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1419. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელი ომნია.

1420. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, არ-ნაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავისთავ ჰქონდა ფარები.

1421. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად.

1422. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავის -თავს უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1423. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.