ვეფხისტყაოსანი, 1890 წ.

1514. “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; სხვა მისებრი ვერა პოოს, ცათამდისცა აღცაფრინდეს!

1515. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა, – ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა– რამცა ვკადრე შეცილება, რასაც იგი ოდენ სჯერა!

1516. თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება; უშმაგომცა ვით მოგმდურდა, თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?! დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

1517. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა; კვლავ მეფემან თაყვანი-სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1518. ფრიდონ შესჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, — ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა — წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1519. მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდაჰხდა, რა მივიდა, ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა!

1520. მეფე კოცნასა ლამოდა, აღარა ცრემლნი სდენიან; ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რადგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან?”

1521. მოეხვია, გარდაკოცნა მან პირისა არე-მარე: – “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არემარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე-მარე, ხვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

1522. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უჰზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირსა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1523. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1524. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1525. მეფემ ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან; დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

1526. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო! თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

1527. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა, მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

1528. შინა წავიდეს ყოველნი, შეჰსხდეს თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

1529. შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მზგავსი გმირისა.

1530. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1531. თინათინ ზედა აწვია ტახტსა მეფეთა ზეთასა; ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1532. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დაჰსვეს ტახტსა თავისსა; გვერდსა დაუჰსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა; უჰნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისა, – ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1533. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე-და-გამო გულმან კრთომა; მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა”.