ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

1397. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას–ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლე ნები.

1398. ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლავ ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.

1399. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა; ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1400. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1401. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1402. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედან ჰზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1403. ჩემი აწ ესე ნასთქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1404. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია, აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელი ომნია.

1405. სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები; თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავისთავ ჰქონდა ფარები.

1406. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ–ხმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად; მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1407. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრიალი. რა ჰნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1408. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1409. კაცსა უკრავად დაჰბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ჰნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1410. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ჰნახეს, დიდად გაეხარნეს, სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1411. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ჰსცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ჰნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მზგავსი მტვერისა.

1412. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, სთქვეს: “საქმე არს მისეული”.

1413. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ჰნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1414. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ჰღვარნენ; ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნნს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ, – აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1415. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლავ შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1416. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.