ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

1359. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავ უჰნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა , – ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!?

1360. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ გახსნილი.

1361. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო; უმის-ჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

1362. კიდობანი გახსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1363. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1364. სთქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1365. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები: ავთანდილ სთქვა: “ამას იქით დავმაგრო ხრმალთა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

1366. აქა, მხატვარო, დაჰხატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი, ორნივე გმირნი, მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა

1367. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1368. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ჰნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1369. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, – ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შეველიქმს ლაღებად”.

1370. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

1371. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს; მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1372. შეეკაზმა ფრიდონ, შესჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1373. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, – “აწ ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა.”

1374. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი-სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1375. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე;” ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1376. ფრიდონის სახლსა გარდაჰხდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დასჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა, მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1377. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.