ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

1301. “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1302. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, – რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

1303. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, არ დასწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა წვერი, ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1304. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიხვდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს, ცნობა-სრული, არა მთრვალი.

1305. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი, ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1306. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1307. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი; უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1308. “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი; მე ვერა ვჰნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლავ უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1309. “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შეველყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1310. “სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა; უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად ნაფიცარისა.”

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე.

1311. დასწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე სრულო მეფეთ მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1312. “ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1313. “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა ჰსწვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერდ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1314. “გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1315. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე, ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, – ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1316. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია. ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია, ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია? მზგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1317. ესე უსტარი დასწერა, შეკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაც ჰხამდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1318. მოჰნახა, ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა; მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა, მისთა გამყრელთა ნაკადი ჩაჰსდის სისხლისა ღვარისა.

1319. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა; იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა, რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა; დაცაგვმარხეო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა!”