ვეფხისტყაოსანი, 1896 წ.

1436. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

1437. ფატმან ხათუნ თაყვანი-ჰსცა, ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა: “მე,მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქმნები, მე დამაგდებ, ვითა რეტსა, – ახ, ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა!”

1438. ზღვათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქვენოდ მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნაჩანგ-დაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1439. ”შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო, რადგან ისწრაფი, რა გკადრო, წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო”.

1440. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1441. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა; ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ უიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1442. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კვლა ფრიდონის თავადთასა — ნაომართა მათთა მთხრობლად; “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.

1443. იგი მზე შეჰსვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1444. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან დარიჯს ზედ მოეჭდო, რომე ვერ გაჰყრის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1445. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა; უჰბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ სიძვირით ა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!”

1446. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1447. დიდებულთა თაყვანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უძს განკურნება”.

1448. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1449. “თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე სთქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1450. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ჰნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1451. “ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1452. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა; მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა, რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა”.

1453. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1454. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

1455. გადაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ჰნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.