ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1514. „აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1515. „თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1516. „ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა.” ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა იგი ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1517. რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ჰნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუ-დგა, თაყვანი სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა. მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1518. „ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა გინდეს; გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს, სხვა მისებრივ ვერა ჰპოვოს, ცათამდისცა აღცაფრინდეს!

1519. „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა, თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა; რადმცა ვჰკადრე შეცილება, რასაც იგი ოდენ სჯერა!

1520. თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა; ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა?! თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?! დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა.”

1521. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა, კვლა მეფემან თაყვანი-სცა, წამო-რე-ვლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1522. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა. წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1523. მეფე ადგა, მოეგება; ყმა გარდაჰხდა, რა მივიდა; ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, პირსა მითა იფარვიდა, მზე ღრუბელსა მოჰფაროდა, ქუშდებოდა, ვარდსა ჰზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა!

1524. მეფე კოცნასა ლამოდა, აღარა ცრემლნი სდენია, ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენია; უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენია, რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი,გაე რასაღა გრცხვენია”.

1525. მოეხვია, გარდაჰკოცნა მას პირისა არე-მარე: “დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არ ემარე; ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არე-მარე, ხვალე შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე.

1526. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა, ვითა ღირს ა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1527. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ.”

1528. ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ჰღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი ჰპოვეს, რაცა სძებნეს, ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

1529. მეფემ ქალსა უსალამა, მან შორით გარდახდომილმან; დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან; დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ მიხვდომილმან.

1530. ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო! თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.”

1531. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა; ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა; მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა; სითცა გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა.

1532. შესხდეს, წავიდეს ყოველნი შინით თავისა დარებად; ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად, არ მიიხვდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად; ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად.

1533. შევიდეს, ჰნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა; მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მზგავსი გმირისა.