ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

1494. ფრიდონს უთხრა: “ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების; აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1495. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი; ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1496. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად; აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად; ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

1497. მიჰხვდეს არაბთა საზღვართა, რა ვლეს მრავალი ხანები, დახვდათ სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1498. ტარიელ კაცი გაჰგზავნა წინაშე როსტან მეფისა; შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკვნელსა, მოუკრეფესა.

1499. „მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1500. „აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდეთ, ჰქმენთ გაწყრომისა კმანია; ძღვენი არა გვაქვს, გვმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია; ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია.

1501. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა; ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1502. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა, ლაშქარნი რბოდეს მიდამო, ქმნა სწადდათ მათკენ რებისა; დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა; შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ-გულ-მაგრებისა.

1503. მეფე შესჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი; ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი; ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი; სთქვეს: “ბოროტსა უმყოფობა, კეთილნია, შენთვის მზანი.”

1504. რა ერთმანერთი აუჩნდათ მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა, ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა? ამად მედების სახმილი, გულსა ეცხელა, ებავთა.

1505. „ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა; იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა; რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა.”

1506. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა; აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა; მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა; ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა.”

1507. მუნ დაჰსდგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი; ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არ ავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1508. ტარიელცა თაყვანის-ჰსცა, მივა კოცნად, სასალამოდ, მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1509. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა: კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანი სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1510. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების; ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების; რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების!

1511. „ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა; ვიაჯი რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1512. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა; ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა-ქცევისა და ზმისა; დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1513. „მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად; თვით იგი იაჯს, რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად; ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.