59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ-ხარ, წახდა – საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?”
61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა? “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა; ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!”
62. “ეგე არ მიმძიმს, ვეზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია”.
63. “ერთაი მიჰზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლავ ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზრდობითა”.
64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”
65. კვლავ უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო”.
66. უბრძანა: “რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა; ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
67. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო!? – ცუდნიღა უკუთქმანია – გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”
68. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ჰბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდეს ქებასა!”
69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ჰზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამდღე ვლიდეს”.
70. კვლავ ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად; ერთია შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.
71. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალნი, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.
72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახჩოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
73. შეეკაზმა მეფე, შესჯდა, ნადირობას გამოვიდეს, მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან ჰსრვიდეს.
74. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს, მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარი დაელივის, მონანი ყე მოართმიდეს; მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჰხოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”,
78. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი ჰსდის და წყლისა პირსა კლდენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია, იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.