ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1253. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან!”

1254. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1255. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

1256. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1257. “იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს – დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.

1258. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1259. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი!”

1260. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა, ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1261. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

1262. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდია ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1263. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1264. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები; ”რაცა გწადესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1265. ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

1266. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1267. ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!” თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

1268. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა; საღამო-ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან იხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”

1269. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1270. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ჩხნდენია.

1271. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1272. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.