ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

1282. “ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსულა, ცუდ-მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ დამზრალია, და უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ბრალია!

1283. “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე; ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე, და ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შეცასთვალე.

1284. “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, და არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა!

1285. “გეთქვა ნიშნისა გაჰგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია, – ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი საჰნახავნია, და თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა წინაშე მიწერილი

1286. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი. დაჰსწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, და ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1287. “ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, და გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწები!

1288. “ჰხედავ, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია; ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია, და უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

1289. “ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან, ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან, და გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1290. “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე, ჩემი მესთქვა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე, აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, და ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1291. “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად; მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად, და ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1292. “სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების, და აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1293. “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა; კვლავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, და ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1294. “ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დაჰსცდებიან, და მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1295. “ნუ-თუ ესენნი გეგონეს სხვათა მებრძოლთა წესითა! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა, – შენ მკვდარსა გჰნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა და მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1296. “შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სსთქვა, სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ, ვარ აქამდისცა ნანითა. და ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1297. “შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიჰხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი! და სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუ-თუ ფრთენი.

1298. “ღმერთსა შემვედრე, ნუ-თუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა! და დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1299. “მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, და თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი.

1300. “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა, მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა, და ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,შენთვის დაკარგულსა.